დავით ზალკალიანი – აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა

0

ბელარუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.საგარ
ეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების გზებზე.
„ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არ არსებობს პრობლემური საკითხები, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველი წლით იზრდება და არსებული დინამიკაც მიანიშნებს იმაზე, რომ მიმდინარე წელიც იქნება უაღრესად პოზიტიური სავაჭრო ურთიერთობებში“, – აღნიშნა მინისტრმა.
ზალკალიანის განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ბელარუსის მხრიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების თვალსაზრისით განხილული იყო დამატებითი პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა.
„საქართველოში, რომელიც ისედაც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ბელარუსი საზოგადოებისთვის, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა“, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დღეს დაიწყო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმყოფებიან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი