სად მოგზაურობენ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად და რა თანხას ხარჯავენ- საქსტატის სტატისტიკა
საქსტატი 2019 წლის II კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოდან განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 617 .5 მილიონი ლარი შეადგინა. ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1 100.7 ლარს გაუტოლდა.
ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანზე მოდის, შესაბამისად, 255.3 ათასი და 117.9 ათასი ვიზიტი. ოფიციალური სტატისტიკით, თურქეთზე საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 44.3% მოდის, აზერბაიჯანზე – 20.4%, სომხეთზე – 10.9%, რუსეთის ფედერაციაზე – 7.5%, უკრაინაზე – 1.6%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებზე – 10.3%.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2019 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 417.1 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 325.6 ათასი ტურისტული და 235.4 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 60.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 34.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.1 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.