20 აგვისტოს პედაგოგი, ჟურნალისტი და 1832 წლის შეთქმულების მონაწილე სოლომონ დოდაშვილი გარდაიცვალა

1836 წლის 20 აგვისტოს, 31 წლის სოლომონ დოდაშვილი გარდაიცვალა. თბილისის მუზეუმების გაერთიანება ამ თარიღთან დაკავშირებით იხსენებს მას, პედაგოგს, ჟურნალისტს, პროზაიკოსს, ლიტერატურის ისტორიკოს-თეორეტიკოსს და პოლიტიკურ  მოღვაწეს, 1832 წლის შეთქმულების სულისჩამდგმელს.
„არა თავისა თვისისათვის მხოლოდ, გინა ბედნიერებისათვის ვჰმუშაკობ, არამედ სიყვარულისთვის მამულისა, რათა ევროპამან ოდესმე ჰსცნას ივერია საშუალებითა წერილითა სარწმუნოთა“, – წერდა დოდაშვილი.
იგი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი, 1827 წელს, 22 წლისამ დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და იმავე წელს რუსულ ენაზე გამოსცა წიგნი „ფილოსოფიის კურსი. ნაწილი I – ლოგიკა“, რომელიც დაისტამბა ალექსანდრე სმირდინის გამომცემლობაში 1200 ცალად. წიგნის გამოცემის ხარჯები იონა ხელაშვილმა გაიღო. ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს რუსულ სამეცნიერო წრეებში და ჟურნალ-გაზეთებში. ამ ნაშრომით სოლომონ დოდაშვილი მოხვდა ფილოსოფიის ისტორიის რუსულ სახელმძღვანელოებსა და ფილოსოფიურ ლექსიკონებში, მათ შორის ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში.
შალვა ნუცუბიძე დოდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის კვლევისას წერს: „საკითხი, რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, პირდაპირაა დაკავშირებული საკითხთან, რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს მსოფლიო ფილოსოფიაში?.. ეს განდიდებად ნურავის მოეჩვენება, რადგან ახალგაზრდა ქართველი მოაზროვნე თავისი ხანმოკლე, მაგრამ საკვირველი სიძლიერის მქონე აზროვნების დასაწყისშივე თანამერდოვე ევროპული აზროვნების სიმაღლეზე აღმოჩნდა და აქედან სცადა მან საკუთარი გზით წასვლა“.
სამშობლოში დაბრუნებული სოლომონ დოდაშვილი კეთილშობილთა სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას, რიტორიკას, ლოგიკას და გეოგრაფიას. მისი პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად ეზიარა ნიკოლოზ ბარათაშვილის თაობა ევროპული განმანათლებლობიდან მომდინარე მსოფლმხედველობას. სოლომონ დოდაშვილი პირველი რესპუბლიკელი მოღვაწე იყო საქართველოში და მისი საქმიანობის მიზანი საქართველოში რესპუბლიკის დამყარება და დამოუკიდებლობის მოპოვება იყო.
1832 წლის შეთქმულებამ საბედისწერო განაჩენი გამოუტანა, შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დაპატიმრებული სოლომონ დოდაშვილი 1834 წლის ივლისში სამუდამოდ გადაასახლეს ვიაკტის (ახლანდელი ქ. კიროვი) გუბერნიაში და 1836 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები