სოსო არჩვაძე: Fitch- ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

“Fitch- ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“ – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, იოსებ არჩვაძემ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. იოსებ არჩვაძემ პარალელი გაავლო 1998 წელს რუსეთის კრიზისის გავლენასთან საქართველოს ეკონომიკაზე, რომლის დროსაც ეკონომიკური ზრდა 3-ჯერ შემცირდა, ლარი აშშ დოლარის მიმართ 2 თვეში 1,4 – დან 1,8 – მდე გაუფასურდა და ეს მაშინ, როდესაც რუსეთს არანაირი სანქცია საქართველოს მიმართ არ ჰქონდა გამოცხადებული. მისი თქმით, „იმ დროს საქართველოს ეკონომიკა რუსეთისაზე იმდენად იყო მიბმული, რომ იქაურმა კრიზისმა ჩვენც ძალიან დაგვაზიანა. დღეს, როდესაც სანქციურ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე მხოლოდ 0,3 პროცენტია, რაც მთელი რიგი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. პირველ რიგში კი ქვეყანა საკმაოდ მდგრადია.

ეკონომიკის დოქტორის განცხადებით, ეს დასტურდება იმითაც, რომ ქვეყანას ცალსახა დადებითი პოზიცია აქვს საგადამხდელო ბალანსისა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირების მიმართულებით. მისი თქმით, წელს, 7 თვის მანძილზე, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ნახევარი მილიარდი დოლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 8 პუნქტით გაიზარდა.

იოსებ არჩვაძემ ხაზი გაუსვა Fitch-ის შეფასებას, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები უფრო მაღალი გვაქვს, ვიდრე მეზობელ ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა, მიმდინარეობს მცოცავი ბორდერიზაცია და მოქმედებს რუსეთის ავიაემბარგო.

„ყოველივე ამის მიუხედავად, ის დაახლოებით 1,5 – ჯერ აღემატება მსოფლიოს საპროგნოზო მაჩვენებელს, რაც ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები