ტერორისტმა, რომელმაც ახალ ზელანდიაში 51 ადამიანი მოკლა, რუსეთში წერილი გაგზავნა

ავსტრალიელმა ბრენტონ ტარანტმა, რომელიც ახალი ზელანდიის მეჩეთებში ტერაქტების შედეგად 51 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, რუსეთში ვინმე „ალანს“ ციხიდან წერილი მისწერა. 6-გვერდიანი წერილი მედიის ხელში მოხვდა.
წერილში, რომელიც 4 ივლისით არის დათარიღებული, ტარანტი ალანს საფოსტო მარკებისთვის მადლობას უხდის, ასევე, 2015 წელს რუსეთში მოგზაურობის შესახებ უყვება. ტარანტი წერილში პლატონსა და სხვა ფილოსოფოსებს ახსენებს, რომლებიც მისი შთაგონების წყარო გახდნენ, ასევე, მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ემოციის გამოხატვის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ამის მერე ციხის ბადრაგი წერილს არ გაგზავნის.
როგორც Associated Press-ი წერს, წერილში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ „დიდი კონფლიქტი ახლოვდება“. ასევე, არის გამონათქვამი, რომლის ინტერპრეტირება შესაძლებელია, როგორც „იარაღის აღებისკენ მოწოდება“.
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ტარანტს რუსეთში წერილის გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს.
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმა 15 მარტს მოხდა. მანამდე, ბრენტონ ტარანტმა 74-გვერდიანი მანიფესტი გამოაქვეყნა, სადაც მიგრანტებისა და მუსლიმების საწინააღმდეგო მოსაზრებებს აფიქსირებდა.
ტერაქტების სერიის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები