9 აგვისტო წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის – პანტელეიმონის ხსენების დღეა
9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში.
არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის ხატი. იგი ოცდაცხრა წლისა აღესრულა, საშინელი ტანჯვისა და გვემის დათმენის შემდეგ. 29 წელს იცხოვრა მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ სწორედ ამ ცხოვრების გამო დაიმსახურა უფლისაგან სასწაულმოქმედების ნიჭი და სახელი „პანტელეიმონ“, რაც ქართულად გამოითარგმანება, როგორც „ყოვლად მოწყალე”.
წმინდანი კურნავდა ავადმყოფებს ქრისტეს სახელითა და თავისი სამედიცინო გამოცდილებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. უსინათლოებს მისი მკურნალობით თვალები ეხილებოდათ, ხეიბრები დადიოდნენ და ადიდებდნენ ქრისტეს. პანტელეიმონ მკურნალი ავადმყოფებს ქრისტიანობას უქადაგებდა, რის გამოც დასაჯეს და თავი მოჰკვეთეს.
წმინდა მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც სარწმუნოებით მოუხმობს მის სახელს.
მადრიდში, მაცხოვრის ფერისცვალების სამეფო მონასტერში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სიწმინდე – სისხლი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისა, რომელიც ყოველი წლის 27 ივლისს (ახლით 9 აგვისტო), მყარი მდგომარეობიდან კვლავ თხევად მდგომარეობას იღებს.
წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის უხრწნელი ნაწილები მთელს საქრისტიანოშია მიმოფანტული. წმინდა თავის ქალა ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.
თბილისში ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში პატარა ეკლესიაა, სადაც წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ხატს მირონი სდის, რომლის ცხებითაც სასწაულებრივად განიკურნა უამრავი ადამიანი.