12 აგვისტოს დიდგორობის სახალხო დღესასწაული გაიმართება
12 აგვისტოს დიდგორის ველზე დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 10:00 საათიდან მოეწყობა საგამოფენო სივრცეები; დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
კარვებში გამოიფინება ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები, ტრადიციული ნაწარმი.
ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები წარმოდგენილნი იქნებიან დამახასიათებელი ტრადიციებით. საბავშვო თეატრის მსახიობები წარმოადგენენ უძველეს ქართულ თამაშობებს: ლახტს, კოჭაობას, ქორობიას. მოეწყობა სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში, პატრიოტულ თემაზე, ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების თემატური კომპოზიციების გამოფენა.
11:00 – 12:20 საათი – ძირითადი საკონცერტო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ესტრადის მომღერლები, ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები. სცენაზე მოეწყობა თეატრალიზებული სანახაობები, შესრულდება ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების ნიმუში.
საკონცერტო ღონისძიების დასრულების შემდეგ, გაიმართება შეჯიბრება: დოღი, ჭიდაობა და მკლავჭიდი.