„ჯარისკაცს დიდხანს არც უფიქრია, სკამზე მჯდარ მოხუცს სამი ტყვია დაახალა, გატრიალდა და წავიდა“…
„ომი არ ჰქვია ამას? ჩემი პატარა სოფლის დიდი ტკივილია“… – აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ფეისბუქის გვერდზე სამაჩაბლოდან დევნილი პოეტი, სოფელ აჩაბეთის მკვიდრი ციცინო ბაბუციძე ეხმიანება. „კვირა“ მის ტკივილიან მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ:
„ძია ჟორა (გიორგი) გოგიაანთი! ძალიან გვიჭირს, ჩვენო სოფელო, წარსულში ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც სამაგალითონი იყვნენ სოფლისთვის და სოფლის გარეთ კი წარმოაჩენდნენ ჩვენი სოფლის ღირსებას! არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც საკუთარი სახლის კარის ზღურბლთან მთავრდება… ჟორა ძია სოფლის ცხოვრებით ცხოვრობდა. პროფესიით იურისტი, ოლქის ერთ-ერთი გამორჩეული ნოტარიუსი იყო – პირუთვნელი, მიუკერძოებელი, სწორი გზამკვლევი თანასოფლელებისთვისა და მისი სამსახურის არეალში მყოფთათვის! მეუღლე, ვარდიკო კოპაძე, ჯერ ცხინვალის N1 საშ. სკოლაში მუშაობდა უცხო ენის მასწავლებლად, შემდეგ თბილისში, უცხო ენების მოსამზადებელი ფაკულტეტის სტუდენტებს ამზადებდა…
ბოლოს, ისევ დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და აჩაბეთის საჯარო სკოლაში ასწავლიდა გერმანულ ენას. სამი ვაჟკაცი შესძინეს ბაბუციძეების გვარს და სოფელს, სამი უერთგულესი ადამიანი: კახი, გოჩა და პაატა, რომლებისთვისაც ჩვენი სოფლის ღირსება არის უპირველესი და მათი ზრუნვაც, მშობლების დარად, თანასოფლელების მიმართ, არის განსაკუთრებული. სოფლის ძნელბედობის ჟამს, თბილისში გაზრდილი ბიჭები ერთგულად იდგნენ ჩვენი სოფლის სადარაჯოზე და თანასოფლელებთან ერთად იზიარებდნენ სოფლის ყველა ქუჩაში და ორღობეში ავი ძაღლივით ჩასაფრებულ ტკივილსა და მწუხარებას.
– აჩაბეთი ჩემი ცხადი და სიზმარია… ჩემი გულია! – მეუბნება გოჩა და ცრემლიან თვალებს უხერხულად მარიდებს. საზარელია კაცის ტირილი – მიწა შემოგტირის თითქოს… ამ დროს გრძნობ, რომ საქმე ძალიან ცუდად არის!
– ჩემი პაპა, ვასა ალექსის ძე ბაბუციძე ამბობდა, რომ აჩაბეთელები ძველად სოფელ მონასტერში ცხოვრობდნენ (თირის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ აბოწმინდაში დასახლებულან, ხოლო შემდგომ, აჩაბეთის ციხის გალავანში. (ცხადია, უსაფრთხოების მიზნით) დროთა განმავლობაში, უფრო მოხერხებული ადგილი შეარჩიეს და დაიკავეს ახლანდელი ქვემო აჩაბეთის მიდამო. საიდან მოვედით მონასტერში, პაპას ამის შესახებ არაფერი უთქვამს. სამწუხაროა, რომ ბევრი რამის შეფასება ვარაუდის დონეზე გვიწევს!…
ვასა პაპა მშრომელი და ოჯახის ერთგული კაცი იყო. ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან… თბილისში წამოვიდა და ხელობა ისწავლა -,,სტალიარობა“ (დურგალი). მამაჩემი და მიტო ძია რომ გაყრილან, მამაჩემს, თურმე, ბევრი არაფერი შეხვდა (გასაყოფიც, შესაძლოა, ცოტა რამ იყო), ვასა პაპას დედაჩემისთვის უთქვამს, – არ იდარდო, ყველაფერს გავაკეთებ და გაგახარებო! – მართლაც, ყველანაირი ავეჯი აუწყო და გაახარა რძალი და შვილი. აჩაბეთიდან თბილისში სამჯერ ჩამოსულა თურმე ფეხით და სოფელში, სამჯერვე, ათლიტრიანი ბალონით ნავთი ჩაუტანია… აბა, ასეთი ტანჯვით ჩატანილი ნავთის სასესხებლად რომ მოვა მეზობელი და დაუნანებლად და დაუყვედრებლად მისცემ, მთლად ბაჯაღლოსი თუ არა, უბრალო ოქროს გული ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს? პაპა ყოველთვის თავზე ხილაბანდწაკრული დაიოდა, წინსაფრით… თეკლე ბაბოსაც სულ თეთრი თავსაფარი ეხვია, ბეჭზე კი მოუშორებლად ეხვია ღია ჩაისფერი, ფოჩებიანი ღაზლი. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მიხარია და მეამაყება ვასა პაპასი და თეკლე ბაბოს შვილიშვილი რომ ვარ! – დაასრულა გოჩამ სათქმელი და ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა. ვგრძნობდი კი არა, ვხედავდი მის გულში დანთებულ ჩაუმქრალ ხანძარს, რომელიც რა ხანია, საშველს არ აძლევს არც გოჩას და არც ჩვენს ბედგამწყრალ სამაჩაბლოელებს და აფხაზეთიდან დევნილებს.
2008 წლის 8 აგვისტო არის წარუშლელი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ბოლო, სამი ათეული წლის განმავლობაში იმდენი სირცხვილი ვჭამეთ, ვეჭვობ, რომელიმე ისტორიკოსმა ან მემეტიანემ სახელი დაარქვას რომელიმე მოვლენას და გაიგოს თავი და ბოლო იმისა, საიდან აგორდა და სადამდე მიგვიყვანა უთაური მეთაურ-გენერლების ,,შორსმჭვრეტელმა“ პოლიტიკამ… რვა აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა, სამარადჟამოდ დაგვამწუხრა და დაგვასამარა!
…ვერც ჟორა ძიამ და ვარდიკო ძალომ მოასწრეს გამოქცევა! დაბომბილ სოფელს ,,მოროდიორები“ შეესივნენ და ეზიდებოდნენ ყველაფერს: სულიერსა და უსულოს, უძრავსა და მოძრავს… რაც ვერ მიჰქონდათ, წვავდნენ და ანადგურებდნენ! ჟორა ძიასთანაც მივიდნენ. უიარაღო, ოთხმოცდაოთხი წლის კაცს რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია შეიარაღებული მტრისთვის… ბერიკაცმა არ დაუჯერა, არ მიატოვა სახლი და მოხუცი მეუღლე… ჯარისკაცს დიდხანს არც უფიქრია, სკამზე მჯდარ მოხუცს სამი ტყვია დაახალა, გატრიალდა და წავიდა…
ვარდიკო ძალო: – რა უნდა მექნა… ვერ ვერეოდი მიცვალებულს, ვერაფერს ვშველოდი… საცოდავად შემომხედა და გარდაიცვალა… გარეთ გამოსვლა სიკვდილს უდრიდა, ვინ დამეხმარებოდა. ვენახიდან ლობიო გამოვიტანე, ჟორას წინ დავყარე… ვჩურჩავდი გამწარებული და თან ველაპარაკებოდი ჩემს მეუღლეს… ის კი ხმას არ მცემდა და ფართოდ გახელილი თვალებით უსიტყვოდ მომჩერებოდა… როცა შებინდდა, ძალა მოვიკრიბე და ჩლაიძე ალესთან მივედი. ბედად, სახლში დამხვდა, პატარა შვილიშვილთან ერთად… ბავშვი ავად იყო და იმ საშინელი სროლის შემდეგ ჭკუიდან იყო გადასული. ტირილით მოვუყევი ჩემი უბედურება და ვთხოვე მომხმარებოდა, რომ ჟორა როგორმე მიწისთვის მიგვებარებინა. გამომყვა, მაგრამ მალე დაღამდა, ვეღარაფერს ხედავდა და მიწა ვერ ამოთხარა. – დილით მოვალო, – მითხრა და წავიდა, ბავშვს ვერ დატოვებდა. ალე ახლოს ცხოვრობდა, მაგრამ ასე პირდაპირ წასვლა უკვე სახიფათო იყო, სახლამდე ცოცხალი ვერ მიაღწევდა.
ჭალაში ჩავიდა და ქვედა ბაღებიდან ავიდა სახლში. მეორე დღეს უამრავ ადგილზე ავარდა ცეცხლი… სოფელი იწვოდა! აქა-იქა დარჩენილ ხალხს უკვე არავის საშველად აღარ ეცალა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე შველოდა თავს. დილით ისევ მოვახერხე ალესთან მისვლა, მაგრამ აღარ დამხვდა! ვიცოდი, რომ წასვლას აპირებდა და, სასწრაფოდ ცენტრალურ გზაზე ავედი. იქ დამხვდა. გამიხარდა. ბავშვიც თან ჰყავდა და ოთინაშვილი კუკურაც. შევბღავლე, – შენი მეგობარი დაუმარხავი როგორ უნდა დატოვო-მეთქი…
– შევეცოდე. ბავშვი მე ჩამაბარა და კუკურასთან ერთად ჟორას დასაკრძალად წავიდა. როგორც იქნა, დაბრუნდნენ… გზაზე დგომა საშიში იყო. თუ მოესურვებოდათ, მანქანებიდან ჩამოუსვლელად ხვრეტდნენ ხალხს. იქვე, ოსი ეროვნების, ,,წითელი ჯვრის“ წამომადგენელიც იდგა. გამოველაპარაკე. ნაცნობი აღმოჩნდა. ის დაგვეხმარა, რომ ცხინვალამდე უსაფრთხოდ ჩაგვეღწია. კარვებში გაგვანაწილეს.
ცხინვალიდან, ,,წითელმა ჯვარმა“ გორში ჩაგვიყვანა… რომ არა ის კაცი, ცოცხლები ვერ გამოვაღწევდით. ასე გადავრჩით, ამას თუ გადარჩენა და სიცოცხლე ჰქვია! – დაასრულა ვარდიკო ძალომ სათქმელი და აკანკალებული ხელი ძლივს მიიტანა თვალებთან ცრემლის მოსაწმენდად.
აბა, რა სიტყვა უნდა მოძებნო, რომ ამ გამწარებულ ქალს გული დაუამო… ან რა უნდა ვუთხრათ ჟორა ძიას შვილებს, რით ვანუგეშოთ, როგორ გავუქარვოთ ცათა სასუფეველს ღია თვალებით შერჩენილი მამის სიკვდილით გამოწვეული უზომო მწუხარება?! ნათელი ხსოვნა ჟორა – გიორგი ბაბუციძის სულს და მშვიდობა და სიკეთე მის ღირსეულ დანატოვარს!“ – წერს ციცინო ბაბუციძე.