„ამ ცოდვის ტრიალში ყველაზე ცუდად ერთი ქვემო არცეველი ბებო მახსენდება. ტიროდა“…
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს მწერალი ბექა ქურხული ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება და 2009 წლის 8 აგვისტოს „ჩანაწერებს“ აქვეყნებს:
„ერთი წელი გავიდა აგვისტოს ომიდან.
ყველაზე საშინლად რა მახსენდება და, არც გორის დაბომბვა, არც ცხინვალის თავზე დამდგარი მტვერი, შიგ ცეცხლის ალები რომ ელავდა, არც ყვითელი „ბოგდანებით“ ჩამოყვანილი, ბატებივით დაბნეული რეზერვისტები, ავტომატი რომ უვარდებოდათ ხელიდან. არც საბურავებშემომწვარი, „დისკებზე“ წამოსული „კობრები“, არც ჩვენი მხეცივით ბიჭები, მერამდენედ რომ მოიგეს და სანამ წყალი დალიეს, მტვერი გაიბერტყეს და ჭრილობა გადაიხვიეს, ისევ წაგებულები აღმოჩნდნენ, არც ჩემი თამარაშნელი ძმაკაცები, ვახო და დათო ყაზახაშვილები, დანარჩენ ხეობელებთან ერთად რომ რეკავდნენ და სულ ერთი და იგივეს ეკითხებოდნენ: დგაა, ბიჯო, შენი სახლი?… შენი დაწულია?… მა, ვხედავდი, როგორ წაუკიდეს ცეცხლი, ჩამეწვა შიგა ყველაფერი… ე, დალოცვილი ჩვენი ხეობაი, სად დარჩა, ვინა ბოგინობს ეხლა იქა… საციხე გამოსულა ალყადანა… რას ლაპარაკობ, ცოცხალია, ბიჭო, ეგა?… ეგ გიჟი, აქ უნდა მოვკვდეო, რა გვაგინა იცი, რო გამოვდიოდით, სად მიდიხართო… გადაურჩათ მაინ არა, ეგ საციხეი მართლა… არც ეგა, არც რუსების ბლატაობა არ მახსენდება ისე მწარედ, ამოდენა ხალხი ეგრე ხელებჩამოყრილები რომ ვუყურებდით და ხუთი გიჟი არ გამოჩნდა, რომ თოფით ხელში ტყისკენ გავარდნილიყო. რავი, ერთმანეთს ხოშიანად ვხოცავთ ცერად გახედვაზე…
მოკლედ მთელს ამ ცოდვის ტრიალში ყველაზე ცუდად ერთი ქვემო არცეველი ბებო მახსენდება. ტიროდა… აწყნარებდნენ, ანუგეშებდნენ – ჩუ, ნუ ტირიხარ, ნუ გეშინიაო. ერთი მუჭისტოლა ბებო იყო, მიწაზე მუშაობისგან წელში მოხრილი, დიდი ნაჯაფარი ხელებით იწმენდდა ცრემლებს, ლურჯი თვალები ჰქონდა და შავები ეცვა, უხმოდ ტიროდა, სულს ვეღარ იბრუნებდა სიმწრისგან. კარგი, რა გატირებს, ნუ გეშინიაო…
რაღა რა მატირებს, გენაცვალოთ ბაბოი, ამბავი მოიტანეს, ზეით ტყისკენა ჩვენი არცეველი ბიჭები ჩაუხოცნიათ ოსებსა…
რამდენჯერაც ეს გამახსენდება, ყველაფერი მეზიზღება. სხვისა არა, სხვებს რას ვერჩი, ჩემი მეზიზღება ყველაფერი. რო ვსუნთქავ, ისიც კი მიტყდება.
არა, არც ვიხსენებ. ვიმალები“…