გიორგი ცუცქირიძე: 2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფსს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა და არა – “ნაციონალების” ეკონომიკურმა პოლიტიკამ

„2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფსს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა და არა ნაციონალების ეკონომიკურმა პოლიტიკამ“, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში. მიუხედავად რეზონანსული ხასიათისა, მიმაჩნია, რომ ეს თემა ჩვენთან ბოლო წლებში გარკვეულწილად მაინც ტაბუირებული იყო. ამ ტაბუს მიზეზიც გასაგებია, იყო თავისებური შიში ეს ომი ჩვენ არ დაგვბრალებოდა. ამ ნარატივს ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა ავითარებდა და ეს ეხება პირველ რიგში მისი შეფასების პოლიტიკურ და სამართლებრივ ასპექტებს.
ამ ომის შეფასებისას ცალსახად უნდა ითქვას, რომ საქართველო ვერ დაიწყებდა ომს საკუთარ ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგრამ საბრძოლო მოქმედებებით წინა ხელისუფლებამ მოახდინა თუ არა ომის პროვოცირება? ეს მიმაჩნია მთავარ კითხვად, რადგან კონფლიქტის ზონაში, მოგეხსენებათ გაეროს ეგიდით სამშვიდობო ძალები იდგნენ. თუ რუსეთის მხრიდან ეს ომი გარდაუვალი იყო, რატომ არ მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ზომას, რასაც ომის თავიდან აცილება თუ არა, ბევრად მომგებიანი საერთაშორისო პოზიციის მიღება შეგვეძლო? რატომ არ მიმართეს პარტნიორებს, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, მით უმეტეს აშშ-ის ადმინისტრაცია და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი პირადად ესაუბრა თბილისში ვიზიტისას მოსალოდნელ საფრთხეებზე თავად მიხეილ სააკაშვილს? იგივე აშშ-ის მხარდაჭერით რატომ არ მოითხოვა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის წინა დღეებში გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევა, აგრესორის შეჩერების მოთხოვნით?
მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეფასებებისაგან განსხვავებით შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ამ ომის ეკონომიკურ ასპექტებს. არადა ეს საკითხი არანაკლებ საინტერესო და შესაფასებელია, როგორც ისტორიის ისე მომავლისთვისაც. მით უმეტეს ნაციონალური ფლანგი დღემდე ამაყობს, რომ თურმე, ამ „ომით საქართველომ ამოისუნთქა“. სინამდვილეში კი, სააკაშვილმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ამოისუნთქეს საქართველოს ხარჯზე, როდესაც გაიხანგრძლივეს ხელისუფლებაში ყოფნა, რასაც ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკაც აჩვენებს.
მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელის ცნობილ დონორთა კონფერენციაზე, საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის, და საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად სამი წლის განმავლობაში $4.55 მილიარდი დოლარი გამოეყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, საგარეო შოკის ზეგავლენა იმხელა იყო, რომ თავდაპირველი საერთაშორისო დახმარების თანხა(3.5 მლრდ დოლარი) მილიარდი დოლარით გაიზარდა; სწორედ ზემოთ აღნიშნულმა საერთაშორისო დახმარებამ დიდწილად გადაარჩინა ეკონომიკა და სავალუტო ბაზარი ჩამოშლას.
თვალსაჩინოებისთვის 2008-2013 წლებში ბრიუსელის კონფერენციის ფარგლებში ჩამორიცხულ იქნა 2,724 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება. ჯამური თანხიდან გრანტი $328 მილიონი, ხოლო კრედიტი $2,396 მილიონი იყო. სესხები სტანდარტული, შეღავათიანი პირობებით იქნა ხელმოწერილი.
ნიშანდობლივია, რომ 2008-2013 წლებში საბიუჯეტო მხარდაჭერისათვის და სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ფარგლებში ჩამოირიცხა 908 მლნ აშშ დოლარი. რაც მნიშვნელოვანია ფისკალურ ნაწილში შედის ეკონომიკური ზრდის აღდგენის და სოციალური მომსახურების მხარდამჭერი პროგრამის კომპონენტებიც. ცალკე გამოსაყოფია, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდამჭერი პროგრამაც, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციით, რომლის უზრუნველსაყოფად ჩამოირიცხა 308 მლნ აშშ დოლარი;ცალკე საკითხად უნდა განვიხილოთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის მხარდაჭერა, რომლის უზრუნვესაყოფად ჩვენ მივიღეთ 614 მლნ აშშ დოლარი. აქვე უნდა გამოიყოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, მათ შორის ბუნებრივი გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფილი 444 მლნ აშშ დოლარი.ამ საერთაშორისო დახმარების კომპონენტი ასევე მოიცავდა ურბანული დაც მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერასაც, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 359 მლნ აშშ დოლარი;როგორც ვხედავთ, საერთაშორისო დახმარების პაკეტი მოიცავდა ეკონომიკის რეაბილიტაციის სრულ არქიტექტურას. როდესაც ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული, ცალკეული, ექსპერტების მხრიდან ომის შემდგომ პერიოდებში ეკონომიკურ ზრდაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, და სტაბილურ სავალუტო კურსზე ხდება აქცენტების გადატანა, სწორედ ეს გარემოებაა მნიშვნელოვანი.
ამ მონაცემებიდანაც ცხადად ჩანს, რომ 2008-2012 წლებში ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა. სწორედ აღნიშნული საერთაშორისო დახმარების გარეშე, ვერანაირი ფისკალური და მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ვერ უშველიდა 2009 წლის რეცესიის შეჩერებას, როდესაც მიუხედავად დახმარების მიღების პირველი ტრანშისა, ეკონომიკის ვარდნამ-3.7% შეადგინა და აქედანაც ჩანს, რომ ეს რეცესია რა ხანგრძლივობის და სიმძიმის იქნებოდა. მიუხედავად, ამხელა დახმარებისა, რაც საშუალო წლიური მშპ-ის 24 % შეადგენდა, 2010-2012 წლებში საშუალო ზრდა 6.6 % იყო და შედარებით დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც 2005 წელს იყო 9. 4 % ანუ ეკონომიკის ზრდა 2005 წლის დონეზეც ვერ გავიდა. რაც მთავარია, რომ არა ამ დახმარებისა, დიდი ალბათობით გადაყვებოდა კიდეც სააკაშვილის მთავრობა. დღემდე ამიტომაც ხდება ამ დახმარების საკუთარ მიღწევებზე გადაფარების მიზანმიმართული პოლიტიკა, ნაციონალების მხრიდან. ეს როგორც აღვნიშნე, ეს დახმარება საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი და არა ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მხარდასაჭერად!მე ამ პოსტში შეგნებულად არ შევეხები ბიზნესის სამართლებრივ მხარეს, თუ რამდენად თავსებადია მაღალი ზრდა და დემოკრატია ქონების ექსპოპრიაციებთან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან და სასამართლო ხელისუფლების მთლიანად დაქვემდებარებასთან. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გაკეთებულმა და შემდეგ უკვე ზურაბ ადეიშვილის კომენტარებმა, კიდევ ერთხელ ამოატივტივა ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ბიზნესთან დაკავშირებული ელიტარული კორუფციის და რეკეტის ანატომია.
ნიშანდობლივია, რომ იმ ცნობილ 4.5 მილიარდში არ შედიოდა, იმ პერიოდში აღებული საერთაშორისო ვალი, რკინიგზის ევროობლიგაციების გამოშვებით, როდესაც 500 მილიონი ევროს ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2008 წლის აპრილში განთავსდა 5 წლის ვადით და 7,5%-იანი წლიური განაკვეთით; ეს კიდევ ცალკე თემაა და 2008-2012 წლების ეკონომიკურ მხარეს, თუ რამდენად მიზანმიმართულად და ეფექტურად დაიხარჯა ეს თანხები, გაცილებით ფართოდ მომავალ პოსტებში შევეხები“, – წერს ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები