ფილიპინებზე მომაკვდინებელმა ცხელებამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – გამოცხადებულია ეპიდემია
ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში “დენგეს ცხელების” ეპიდემიის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ CNN უწყების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
წლის დასაწყისიდან ფილიპინებზე 622 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირებულია 146 ახალი შემთხვევა.
ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს 98%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით.
ეპიდემიის გამოცხადების შემდეგ, გამოვლინდება ყველაზე დაინფიცირებული რაიონები, სადაც შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება.
“დენგეს ცხელება” არის გლობალური მნიშვნელობის არბოვირუსული ინფექცია, რომელიც გადაეცემა Aedes გვარის კოღოს მიერ.
აღნიშნული მწერი გავრცელებულია მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, კერძოდ, ინდოეთში, ჩინეთში, ტაილანდში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, მიანმარზე, ვიეტნამში, სუდანში, მოზამბიკში, ჰონდურასში, კოსტა რიკაზე, ბრაზილიასა და ფილიპინებზე.
“დენგე” რნმ ვირუსია, რომელიც ფლავივირუსის გვარს/Flaviviridae მიეკუთვნება.
აღნიშნულ ოჯახში, ასევე, შედის “ყვითელი ცხელების” ვირუსი, “დასავლეთ ნილოსის” ვირუსი, “იაპონური ენცეფალიტის” ვირუსი, “ზიკას” ვირუსი და “სეინტ ლუისის ენცეფალიტის” ვირუსი.
დენგეს ვირუსული ინფექცია კლინიკურად იწვევს მრავალფეროვან მძიმე და არამძიმე გამოვლინებებს. ინკუბაციური პერიოდი 3-დან 14 დღემდე გრძელდება (საშუალოდ, 7 დღეს).