„წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას ნატა ლომოური უხელმძღვანელებს“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს კულტურის სფეროში, რაც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებსა და მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე, – ამის შესახებ კულტურის სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, რეფორმის საფუძველზე, სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, დანერგავს კულტურის სფეროს სსიპ-ებსა და სამინისტროს შორის ორმხრივი ანგარიშვალდებულების პრინციპს, განახორციელებს საქმიანობის შესრულების ეფექტიან მონიტორინგს; ასევე, შეასრულებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო განათლების სფეროს პოლიტიკის, სტრატეგიის, საკანონმდებლო და კოორდინაციის ძირითად ფუნქციებს.

მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება.

კულტურის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით დაინიშნება. 4 წლის ვადით, შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები;

საბჭოს გარდა, შეიქმნება საკონკურსო კომისიები – სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გამოცხადებული თემატური კონკურსებისათვის; კომისიის წევრთა დაკომპლექტება მოხდება ღია კონკურსის წესით;

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე განისაზღვრება.
კულტურის ეროვნულ ფონდს ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.

მინისტრმა ისიც დასძინა, რომ ლიტერატურის მიმართულებით ორი სსიპ-ის (წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის) გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას ნატა ლომოური უხელმძღვანელებს და მას დაუბრუნდება სახელი – „მწერალთა სახლი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები