იენს სტოლტენბერგი: ყირიმის ანექსია წამყვანი სახელმწიფოების კონკურენციის შედეგია
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგს შეფასებით, რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია წამყვანი სახელმწიფოების კონკურენციის გაძლიერების შედეგია.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ახალ ზელანდიაში ვიქტორიას უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„მსოფლიო უსაფრთხოებისთვის პირველ გამოწვევას დიდი სახელმწიფოების კონკურენციის ზრდა წარმოადგენს. ჩვენ ამის შედეგს ყირიმში ვხედავთ – მის უკანონო ანექსიაში, ჩრდილოეთ კორეაშიც, სირიადან სამხრეთ-ჩინეთის ზღვამდეც. ყირიმის ანექსია – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს ტერიტორია მიიტაცა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, კონკურენციასთან ერთად, ნატო-სთვის გამოწვევას ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს.
ამ კონტექსტში მან რუსეთი და ჩინეთი ახსენა, რომლებიც „გაცილებით შემტევები არიან ამ მხრივ“ და აღნიშნა, რომ მოსკოვი სამხედრო პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, იმას რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში ყოფნას აფართოებს მაშინ, როდესაც მოსკოვი „ცდილობს, ჩაერიოს და შეასუსტოს ნატო-ს წევრ ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობა“.