„მოდით ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში და დაწერეთ თქვენი ამბები ომზე“
,,ამბები ჩემს ომზე“ – ეროვნული ბიბლიოთეკის მეხსიერების ალბომის შექმნას ეხმაურება ფეისბუქზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.
„ყველას ჩვენი განცდები გვაქვს ომზე, ომის გამოძახილსაც სხვადასხვანაირად ვგრძნობთ. მე იმ თაობისა ვარ, რამდენიმე ომი რომ ახსოვთ. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის დროს ბავშვი ვიყავი, გაუთავებლად მესმოდა ავტომატების კაკანი, სკოლის გზაზე მიმავალსაც ბევრჯერ მინახავს შეიარაღებული ნაცნობები და უცნობები გაუაზრებელი, სისხლიანი თვალებით მომზირალნი. არასდროს შემშინებია არც მაშინ, „ბეტეერში“ რომ ვთამაშობდი და ვიცოდი, რომ ეს დიდი ავტომატი იყო, პირიქით მომწონდა კიდეც და რამდენიმე უფროს ნაცნობსაც ვბაძავდი. არ მესმოდა სად მიდი-მოდიოდა ეს ხალხი. ყურმოკვრით გაგონილ სიკვდილის ამბებსაც ვერ ვითავისებდი. თუმცა აგვისტოს ომის დაწყების გამოძახილმა სხვანაირად გამიყინა სისხლი. 2008 წლის აგვისტოს ერთ დილას ეზოში გამოსულმა მამაჩემს ჩუმად ვუთხარი, მეც შეიძლება მომიწიოს სამაჩაბლოში წასვლა-მეთქი, ახლაც თვალწინ მიდგას მისი გაყინული მზერა და გაშეშებული სხეული. აი ისეთი, სიკვდილის წინ რომ მითხრა, მშვიდობით, მირიანო და სამუდამოდ გაიყინა. ჩვენ – ყველას ჩვენი ბრძოლა გვაქვს ჩვენებური. სამშობლოს სიყვარულიც ჩვენებური ვიცით.
მოდით ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში და დაწერეთ თქვენი ამბები ომზე. სხვების ამბებიც წაიკითხეთ.
P. S . მამაჩემივით მეც ერთი ბიჭი მყავს და სამშობლო დასაცავი“, – წერს მირიან ხოსიტაშვილი.
გუშინ მეხსიერების ალბომის შექმნის იდეით ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოვიდა.
ეროვნული ბიბლიოთეკა, დამოუკიდებლობის დარბაზში (გუდიაშვილის 5), 7 აგვისტოდან 17 აგვისტომდე, ხსნის მემორიალურ მეხსიერების ალბომს, სადაც მოქალაქეები მივლენ და ჩაწერენ საკუთარ მოგონებას ან გზავნილს ომზე, ოკუპაციაზე, გამოსავალზე.