თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღიჭურვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
„თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით დღემდე მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი არ ყოფილა. არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზღურბლიდან 420 მ-ის მანძილზე, სპეციალური მსხვრევადი კონსტრუქციის ანძებზე დამონტაჟდა ახალი ტექნილოგიის LED ტიპის თანამედროვე სანათები, რაც საქაერონავიგაციას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის – დაბალი ხილვადობის დროს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანია ADPI-მ შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიურმა კომპანია OCEM-მ განახორციელა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს იტალიურმა კომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ICAO-ს II კატეგორიის შუქ-სასიგნალო სისტემებით აღჭურვა.
„უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის მე-2 ეტაპი, რაც აღნიშნული სისტემის 900 მეტრამდე გაფართოებას გულისხმობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოახლოების სანათების ახალი სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის – ICAO-ს სტანდარტებთან. როგორც საქაერონავიგაციაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის დასრულება გახდება იმის საფუძველი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსიდან ICAO-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს. განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს თბილისის აეროპორტში და საჰაერო ხომალდებს დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და დაბალი ხილვადობის დროს“, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები