პატრიარქი: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა დედა ოჯახს ტოვებს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა
“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ოჯახს ტოვებს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა და ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა.
“დღეს ჩვენ ვფიქრობთ, დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი მთელი დღე იდგა ჯვრის გვერდით და ის სიხარული, რომელიც იყო მაცხოვარს და მარიამ მაგდალინელსა და მენებელსაცხებელ დედათა შორის, არის მაგალითი, თუ როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა – დედამ, დამ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ თავისი ვალი აღასრულოს ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი”,- ბრძანა ილია მეორემ.
ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია 4 აგვისტოს წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორის, მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს დილიდან სამების ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობდა.