პაატა სალია: გუშინ შევიტყვე, რომ “ფორმულა კრეატივი” სხვა არხზე გადადის, მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი შეთანხმებიდან არ გამომდინარეობს და სწორი ქმედება არაა
“ფორმულა კრეატივთან” წლის ბოლომდე ურთიერთობის გაგრძელება მათთვისაც კარგი იქნებოდა და “რუსთავი2-სთვისაც”, თუმცა გუშინ შევიტყვე უკვე საჯარო განცხადებებიდან, რომ გადადიან სხვა არხზე, რასაც მივიჩნევ, რომ არ არის სწორი მოქმედება და არ გამომდინარეობს ჩვენი შეთანხმებიდან”, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის თანამშრომლებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას ამ დროისთვის სამსახურიდან წასვლის თაობაზე მხოლოდ ერთი იურისტის ოფიციალური განცხადება აქვს.
„ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებდით არავის გათავისუფლებას. მათი არჩევანია და მე ვერავის იძულებით ვერ დავაკავებ ამ არხზე. ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე, მე ოფიციალური განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, გარდა ერთი იურისტისა, არ მიმიღია.
საუბარი არის „ფორმულა კრეატივზე“, რომელიც იღებს „ჩემი ცოლის დაქალებსა“ და სხვა გადაცემებს. მე მათთან მქონდა საუბარი, ორჯერ მქონდა შეხვედრა. ვესაუბრე და ვთხოვე, რომ პრაგმატულად გადაგვეწყვიტა ურთიერთობა. მესმის, რომ მათ სურთ, გადავიდნენ სხვა არხზე ან შექმნან თავიანთი არხი, როგორც მითხრეს. მე ვუთხარი, რომ ორივე მხარისათვის, ჩვენთვის – „რუსთავი 2-სთვის“ და მათთვისაც კარგი იქნებოდა, თუ წლის ბოლომდე გავაგრძელებდით ურთიერთობას და შემდგომ ცივილურად შევწყვეტდით ამ ხელშეკრულებას. არხს მათი დავალიანებაც აქვს და ამ დავალიანებასაც გავისტუმრებდით შესაბამისი პერიოდისთვის. მე მივიღე მათგან პასუხი, რომ საბოლოო პასუხს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ მაცნობებენ დღეს, პარასკევს. გუშინ შევიტყვე უკვე საჯარო განცხადებებიდან, რომ გადადიან სხვა არხზე, რასაც მივიჩნევ, რომ არ არის სწორი მოქმედება და არ გამომდინარეობს ჩვენი შეთანხმებიდან. მე დღეს ველოდებოდი მათგან პასუხს, თუმცა გუშინ ვცადე ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირება და ტელეფონსაც არ უპასუხა. მათი არჩევანია. ეს არხი გააგრძელებს მუშაობას. ამ არხზე ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს, რითაც ჩანაცვლდება თუნდაც ეს სერიალები“, – განაცხადა პაატა სალიამ.