სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა კონკურსში გაიმარჯვეს

მომავალი არქიტექტორების კიდევ ერთი წარმატება. სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტში – „ახალი საზოგადოებრივი სივრცის (Urban Hub) კონცეფციის შემუშავება რუსთავისთვის“ გაიმარჯვეს.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, კონკურსი 2019 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
„საკონკურსო პროექტები მომზადდა ექსპერიმენტული კურსის: საზოგადოებრივი სივრცე ყველასთვის და არქიტექტურულ/ურბანული ტრანსფორმაციების (ინოვაციები და ტექნოლოგიები) ფარგლებში, რომელიც 2018 წელს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ამოქმედდა და 2019 წლის თებერვალს დასრულდა.
ექსპერიმენტული კურსის ფარგლებში, ფაკულტეტის სტუდენტები საკონკურსო პროექტზე: „ახალი საზოგადოებრივი სივრცის (Urban Hub) კონცეფციის შემუშავება ქ. რუსთავისთვის“ მუშაობდნენ. მულტიდისციპლინარულ ექსპერიმენტული სასწავლო კურსი საერთაშორისო პროექტს წარმოადგენს, სადაც მონაწილებას იღებდნენ სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, ბიზნესი შ.პ.ს. „ბაზალტ ფაიბერი“, კერძო სექტორი „ინჟინრული აზრი“, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და GEOBAY–ბავარიის არქიტექტორთა საერთაშორისო საბჭო“, – განაცხადა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა ნინო იმნაძემ.
აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტული კურსის ხელმძღვანელი პროფესორი ნინო იმნაძე იყო, ხოლო თანახელმძღვანელები – GEOBAY -ბავარიის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი, არქიტექტორი კარლჰეინზ ბეერი; არქიტექტორი, დოქტორი იორგ ჰეილერი; არქიტექტორი იაკობ ობერპილერი; შ.პ.ს. „ბაზალტ ფაიბერის“ დირექტორი გიორგი გოგოლაძე; ასოცირებული პროფესორი ნინო ჩაჩავა; ასისტენტი, დოქტორანტი ანა ბიბილაშვილი; არქიტექტორი, მაგისტრი მამუკა ბარათაშვილი.
კონკურსში გამარჯვებული პროექტი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოავლინეს. თავდაპირველად, კონკურსში მონაწილეობას სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის 63 სტუდენტი ღებულობდა. თუმცა, უნივერსიტეტმა საკონკურსოდ 10 პროექტი შეარჩია. შერჩეული 10 პროექტის ავტორები არიან: ალექსანდრე ტეტროიდი; ანა რატიანი; ბარბარე კიკილაშვილი; გიორგი ჩაბალუხა; გიორგი ზაქაშვილი; ქეთი კაჭარავა; ლევან ჭილაშვილი; ლევან ძეგველაშვილი; თეო გეგეშიძე და თორნიკე დუნდუა.
სტუდენტების მიერ მომზადებული ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის წევრებიც მერიის წარმომადგენლები, ქართველი და გერმანელი ექსპერტები იყვნენ.
კონკურსის წინა ეტაპზე შერჩეული 10 ნამუშევრიდან, სპეციალურმა ჟიურიმ 4 საუკეთესო გამოავლინა. პირველი ადგილი ქეთევან კაჭარავამ და რევაზ ძეგველაშვილმა დაიკავეს; მეორე ადგილი – თეო გეგეშიძემ და ბარბარე კიკილაშვილმა.
გამარჯვებული პროექტების ავტორები სერტიფიკატებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.
კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატები.
კონცეფციის ძირითად თემად სტუდენტებს რუსთავის ,,პირამიდა“ ჰქონდათ შერჩეული. ერთ-ერთი პირველი ადგილიც სწორედ ,,პირამიდის“ საუკეთესო კონცეფციამ -,,მეტალურგმა“ აიღო, რომლის ავტორია ქეთევან კაჭარავა.
პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, კომპანია „ბაზალტ ფაიბერს“-ის, ბავარიის არქიტეტქორთა გაერთიანების ინიციატივითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
რუსთავის მერიაში გამართულ ღონისძიებას ეკონომიკური გაერთიანების პროექტის მენეჯერი, მარია ბრეგაძე და საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები