„რუსთავი 2-ის“ შენობაში, “ინტერმედიის” ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

„რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორი კომპანიის, “ინტერმედიის” ოფისში, რომელიც “რუსთავი 2 -ის” შენობაში იყო განთავსებული, კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სარეკლამო დროის გამყიდველი კომპანია „ინტერმედიის“ გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბერიძის სამუშაო ოთახში პროკურატურის წარმომადგენლები მუშაობენ.
გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათავო ოფისიდან ამოიღეს, ახლა კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პროკურორ ლაშა აბულაძის ინფორმაციით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ტარდება იმავე ფარგლებში, რა ფარგლებშიც გუშინ სხვა მისამართზე ჩატარდა.
„მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ეხება კომპანია “რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრვი მდგომარეობის მითვისებით; ასევე, მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგების გზით კომპანიის ქონების გადამალვის ფაქტებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენ მიერ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღებული იქნა სასამართლოს განჩინება, რომელიც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” შენობაში იჯარით გაცემული ფართის, “ინტერმედია პლუსის” ოთახში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას“, – განაცხადა ლაშა აბულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები