“გვარამია ცდილობს, რომ ისრები პოლიტიკური პროცესებისადმი გადაიტანოს”, – ამის შესხებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის საკითხზე გამოთქმულ შეფასებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, გვარამია და სხვა პირები, რომლებსაც საქმე საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოსთან აქვთ, სტანდარტულ განცხადებებს აკეთებენ.
„სასამართლოში სრული შესაძლებლობა აქვთ, იმაზე იმსჯელონ, რასაც დანაშაულის არსებობა ან არარსებობა ჰქვია. ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვისთვის იყო დაბარებული. კონკრეტული ადამიანის საჩივარი არსებობს კონკრეტულ თანხასა და საკითხზე. იმის თქმა, რომ კონკრეტული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ხელის თუ ფეხის ფრჩხილს წარმოადგენს და მისი დამცირება და შეურაცხყოფა ხდება, ეს მის პასუხისმგებლობას არანაირად ხსნის, თუ ასეთი არსებობს. პოლიტიკოსებმა რა განცხადებებიც უნდა ვაკეთოთ, მთავარია ის, იყო თუ არა დანაშაული. ამ საკითხზე ლაპარაკს ყველა ერიდება, მათ შორის, ნიკა გვარამიაც – ცდილობს, რომ ისრები პოლიტიკური პროცესებისადმი გადაიტანოს. სანამ პოლიტიკოსი იქნები, ნებისმიერ საკითხზე სამართლებრივი პასუხი უნდა გქონდეს და იმის წამოძახება არ უნდა ხდებოდეს, რომ პოლიტიკოსია, ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს არის მისი დევნა. სხვათა შორის, ნიკა გვარამიამ კონკრეტულ სქემაზე ილაპარაკა, რომელსაც დანაშაულად არ მიიჩნევს, პროკურატურას კი ამაზე სხვა აზრი აქვს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.