რევაზ თაბუკაშვილის „ანდერძი“ – კითხულობს იზა ვეფხვაძე (ვიდეო)

2 აგვისტოს დაიბადა რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი (1927) – მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, სცენარისტი, რეჟისორი; ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი (1949). მისი ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა 40-იანი წლებიდან. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე.
რევაზ თაბუკაშვილმა დაწერა კინოსცენარები ფილმებისათვის: „წარსული ზაფხული“ (1959), „ჯვარცმული კუნძული“ (1968), „მზე შემოდგომისა“ (1973), „რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან“ (1976), „რაც დავიწყებით არ იბინდება“ (1976), „ორაგულის ბედი“ (1977); ავტორია ლიბრეტოების ოპერებისათვის – „მინდია“, „ქაჯანა“ .
რევაზ თაბუკაშვილმა თარგმნა შექსპირის სონეტები (1968 წელს გამოიცა 100 სონეტი და 1979 წელს – სონეტების კრებული).  გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „კვალი ნათელი“ (1978), მიძღვნილი მ. თამარაშვილისადმი (რომლის საფლავსაც თავად მიაკვლია), „ალპური ვარსკვლავი“ (1979), „ვიტორიო სელა“, „მთანი მაღალნი“ (1980), „მიხეილ ხერგიანი“ (1981), „პირველად იყო სიტყვა“ (1982), „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“ (1983), „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ (1985, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი); კინოდილოგია „ნაძარცვის კვალდაკვალ“ (1986) და „შორეული სიახლოვე“(1987).
რევაზ თაბუკაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ვ. ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი), ვ. ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვა.
რევაზ თაბუკაშვილი  1990 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
თბილისში არის რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა.

გთავაზობთ რეზო თაბუკაშვილის „ანდერძს“, რომელსაც ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი და მსახიობი იზა ვეფხვაძე კითხულობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები