წელს, 7 თვეში საქართველოში საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე პასუხისგებაში 77 პირი მიეცა

შს სამინისტრო მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 199 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო პასუხისგებაში 77 პირი მიეცა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. ბოლო დღეების განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში დაკავებულია 3 პირი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.ჯ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც 720 გრამ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებულს აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა.
ასევე, სამართალდამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის 1992 წელს დაბადებული მოქალაქე მ. ა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. პოლიციამ, მ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება – „ჰეროინი“ ამოიღო.
გარდა ამისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.მ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების 101 აბი, დიდი ოდენობით ბუპრენორფინისა და კოკაინის შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ი.მ. პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ სამართალდამცველს კი თავს დაესხა.
ზემოხსენებულ ფაქტებზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე და 353-პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 199 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო პასუხისგებაში მიეცა 77 პირი”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები