ლისის ტბის წართმევის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ლისის ტბის წართმევის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორ რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოთხოვნილ იქნა იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 10 ნოემბერს გამოცემული განკარგულების ბათილად ცნობა. სწორედ აღნიშნული განკარგულებით ჩამოერთვა რამაზ ახვლედიანს სახელმწიფოს მიერ გადაცემული 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, შინაარსსა და შედეგებზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი, რამაზ ახვლედიანი სპეციალურ განცხადებას საზოგადოებისთვის ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებენ. ბრიფინგი King David-ში, მე-17 სართულზე 13:00 საათზე დაიწყება.
„საზოგადოებისთვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს იძულებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე, პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა“, – აცხადებს „ახალგაზრდა ადვოკატები“.
ცნობისთვის, რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით იმ საფუძვლით, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, არსებითი განხილვისთვის მიიღო. მართალია, მიღებული გადაწყვეტილება 2019 წლის 16 მაისის თარიღით სახელდება, თუმცა მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა. საქმე საქართველოს უზენაესს სასამართლოში 2018 წლის მაისში გასაჩივრდა. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ (თავმჯდომარე), ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა მიიღეს.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები