„უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ადამიანს ემშვიდობება“…

ლევან ალექსიძის გარდაცვალებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ეხმაურება.
„უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ადამიანს ემშვიდობება…
სულ მომყვება ეს შთაბეჭდილება, რამდენად გამორჩეული რიდით ხვდებოდნენ ლევან ალექსიძის სახელს ყველგან და ყოველთვის. ამისთვის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

რეალურად ეს სრულიად დამსახურებული აღიარებაა. ბატონმა ლევანმა გავლენა იქონია იურისტებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ძალზე ბევრ თაობაზე და დიდწილად განსაზღვრა კიდეც არაერთი მაღალი დონის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების ბედი და მიმართულება.

მის ბიოგრაფიაში მრავალი დასამახსოვრებელი ფაქტია: იურიდიული განათლების მიღება უაღრესად რთულ და საინტერესო პერიოდში, დიპლომატიური საქმიანობა, მოღვაწეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, თეორია საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმების შესახებ – jus cogens, ღვაწლი უნივერსიტეტისა და ეროვნული მოძრაობის დროის სტუდენტობის მიმართ, დამოუკიდებლობის კვლავ მოპოვებისა და ტერიტორიული კონფლიქტების დროს მისი სასიცოცხლოდ აუცილებელი მაღალი კომპეტენცია საერთაშორისო სამართალში, ლექციების კურსი ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში – უაღრესად საპატიო მიღწევა ნებისმიერი იურისტისთვის მთელს მსოფლიოში და კიდევ ბევრი სხვა.

ლევან ალექსიძესთან შეხვედრით გამოწვეული ერთ-ერთი ბოლო აღფრთოვანება, სხვებისთვის რომ შემიტყვია და რასაც ახლა ვიხსენებ, უკავშირდება უნივერსიტეტში სამართლის პროგრამების საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტს – მაშინ უბრალოდ ვერ დაფარეს განცვიფრება ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია დე დიოსმა და პროფესორმა ანე პელისიემ.

რთულია, შეელიო ასეთ დანაკლისს, როდესაც უნივერსიტეტს დიდი დამსახურების ადამიანები ტოვებენ, მაგრამ გარდაუვალია ისიც, რომ ეს სახელი დარჩება გზის განსაკუთრებულ მაჩვენებლად კიდევ არაერთი თაობისთვის.

თანავუგრძნობ ბატონი ლევანის ოჯახს, კოლეგებს და ქართულ საზოგადოებას“, – წერს გიორგი შარვაშიძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები