თეა დიკერო მარიამიძის საღამო გაიმართება

6 აგვისტოს, 18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი  საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თეა დიკერო მარიამიძის საღამოს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე დამსწრე აუდიტორია, თეა მარიამიძის შესრულებით, მოისმენს ფრანგი კომპოზიტორის ო. მესიანის საფორტეპიანო ციკლის ახალ ჩანაწერს – „ოცი მზერა ყრმა იესოზე“.
თეა დიკერო მარიამიძემ საფრანგეთში დააარსა ასოციაცია „ქართული მარგალიტები“, რომელიც ემსახურება ქართული კლასიკური მუსიკისა და კულტურის გაცნობას ფრანგი მსმენელისთვის.
ასოციაციის მიზანია შემოიკრიბოს ქართული კულტურით გატაცებული მუსიკოსები, ჩაატაროს კონცერტები, მასტერკლასები და სხვადასხვა ღონისძიებები. კონცერტები იმართება პარიზისა და საფრანგეთის რეგიონებში. ქართველები და ფრანგები ერთად უკრავენ – ვერსალის ბაროკოს ცენტრში, იმპერატრიცა ჟოზეფინას სასახლე „მალ მეზონში“, პარიზში არსებულ სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ ცენტრებში, ალფრედ კორტოს ისტორიულ დარბაზში, ეკლესიებში…
ასოციაციის სახელით თეა ატარებს ფორტეპიანოს გაკვეთილებს და წელიწადში ორჯერ მოსწავლეების კონცერტს. ზოგჯერ ამ კონცერტებს საქველმოქმედო მიზანიც აქვს. ასე მაგალითად, ერთ-ერთი კლასის კონცერტი მიეძღვნა ჰაიტის ბავშვების დახმარების ასოციაციას “Ti chans pou Haiti”, ასევე, ასოციაციას „მომავალი – France”, რომელიც საქართველოში უნარმოკლებულ ბავშვებს ეხმარება.

მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები