მარიამ ჯაშმა თსუ-ის კურსდამთავრებულებს ბაკალავრიატის საფეხურის დასრულება მიულოცა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.
„თქვენ ხართ საქართველოს პირველი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, როდესაც ხარ ისტორიული მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დღეს თქვენ იწყებთ მნიშვნელოვან პროფესიულ გზას. მინდა, დაგიტოვოთ რეზო თაბუკაშვილის სიტყვები: პატრიოტობა არ არის პროფესია, პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი. ეს არის ის სიტყვები, რომელიც უნდა გაგყვეთ მთელი ცხოვრება. იმედი მაქვს, თქვენი პროფესიონალიზმით ბევრს შესძენთ ჩვენს ქვეყანას”, – აღნიშნა ჯაშმა.
მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მომავალი თაობების განათლებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებსა და გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
„აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა შორისაა, თუმცა ჩვენი მიზანია, საუკეთესო ასეულისკენ გაგრძელდეს გზა იმ რეფორმების განხორციელებითა და ახალი სტანდარტების დანერგვით, რომლებიც ევროპასთან გვაახლოებს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა, ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებთან ერთად უნივერსიტეტის პროფესორები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.