მთა ჩუდურაულში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა
ხულოში „შუამთობა 2019“ დაიწყო. დღეს სახალხო დღესასწაული „ჩუდურაულობა“ სოფელ მეკეიძეების მოიალაღეებმა და სტუმრებმა, უკვე მეცხრამეტედ იზეიმეს. მდინარე ჩუდურაულის წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენასთან ზეიმზე დასასწრებად მრავალი ადგილობრივი და ამოსული სტუმარი შეიკრიბა.
შეკრებილებს ტრადიციული დღესასწაული მიულოცეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
„ჩატარდა კონცერტი, სადაც ადგილობრივმა შემსრულებლებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები ფრენბურთში, მარათონსა და ბაგირის გადაწევაში, გაიმართა დოღი. გამარჯვებულებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ზეიმის შემდეგ მოიალაღეებმა სტუმრებს ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ“,- აცხადებენ ხულოს მერიაში.