პროფესორი ლევან ალექსიძე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში გარდაიცვალა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ალექსიძე.
დაიბადა 1926 წლის 5 ივლისს თბილისში. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1970-1977 წლებში ლევან ალექსიძე ნიუ-იორკსა და ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პასუხისმგებელ მუშაკად მუშაობდა. 1975-1976 წლებში ასრულებდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის, აგრეთვე გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა კომისიის მდივნის მოვალეობას, გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას მის მიერ ორგანიზებულ გაეროს სემინარებზე.
1977 წლიდან თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სამართლის საფუძვლებისა და საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე იყო. 1985-1992 წლებში – თსუ-ს პრორექტორი.
ლევან ალექსიძე 150-მდე შრომის ავტორია.
იგი იყო საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (2001). 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. „საერთაშორისო სამართლის“ პირველი ქართველი მეცნიერი, ღირსების ორდენის კავალერი (1996).