დღეიდან კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
დღეიდან კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა.
საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია და ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით კონსულტაცია მიიღო.
პროექტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს, რომლის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალში იმუშავებენ და მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ როგორც საპარკინგე სივრცეებში, ისე – სწრაფი გადახდის აპარატებთან. გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციითაც, რომელიც ნებისმიერი ტიპის სმარტფონზეა მორგებული.
საპარკინგე ზონა დაყოფილია A B და C კატეგორიებად. ამ ეტაპზე კი კოტე აფხაზის ქუჩაზე მხოლოდ A კატეგორიის პარკინგია განთავსებული, სადაც მანქანის პარკირება პირველი 15 წუთი ყველასთვის უფასოა, ხოლო შემდეგი ერთი საათის ღირებულება შეადგენს ერთ ლარს.
თბილისის მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.