კინოაკადემიის პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე მიმართვას ავრცელებს
„საქართველოს კინოაკადემიის“ ფეისბუქის გვერდზე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის, ზაზა ურუშაძის მიმართვა ვრცელდება. იგი კინოაკადემიის წევრებს განუმარტავს, რომ კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტს არ ტოვებს და ამაზე დეზინფორმაცია ვრცელდება.
„ბატონებო და ქალბატონებო, კოლეგებო, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში და მედიაში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია ჩემს მიერ კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტის დატოვების თაობაზე. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს – მე გახლავართ საქართველოს კინოაკადემიის მოქმედი პრეზიდენტი, ვაგრძელებ კინოაკადემიის საქმიანობის ხელმძღვანელობას და საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.
რაც შეეხება ა/წლის 2 აგვისტოს მოწვეულ წევრთა რიგგარეშე ყრილობას, გაცნობებთ, რომ ყრილობის მოწვევა მიზანშეწონილად ჩავთვალე კინოაკადემიის გამგეობის წევრების დიდ ნაწილთან შეუთანხმებლობის გამო გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც მიუხედავად კინოაკადემიის საქმიანობისთვის არაარსებითი ხასიათისა, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან ჩემი აზრით გამოყენებულ იქნა კონფლიქტური სიტუაციის მაპროვოცირებელ გარემოებად. აღნიშნულ ყრილობაზე დღის წესრიგის პირველ საკითხად განხილული იქნება ჩემთვის, როგორც კინოაკადემიის მოქმედი პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა უმრავლესობამ კვლავ გამოხატა ჩემს მიმართ ნდობა, დღის წესრიგში მითითებული სხვა საკითხები თავისთავად იხსნება და განხილვას აღარ ექვემდებარება.
ჩვენ გვაერთიანებს საერთო ინტერესები, პროფესია და საზოგადოება, რომლის წევრობა პატივია თითოეული ჩვენგანისთვის. სამწუხაროდ, მრავალ მიზეზთა გამო განვლილი ათწლეულების მანძილზე კინემატოგრაფისტთა კავშირი ვეღარ ახერხებდა საკუთარი საქმიანობის ღირსეულად წარმართვას, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა – საზოგადოება გათავისუფლდა დაგროვილი ვალდებულებებისგან, შეიქმნა მართვის სრულიად გამჭვირვალე სისტემა, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და რაც უმთავრესია, შევქმენით მყარი და სტაბილური პლატფორმა იმ პროექტების განვითარებისთვის, რაც ორგანული და არსებითია ნებისმიერი ქვეყნის კინოაკადემიისთვის.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე მზადდება და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ კინოაკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სრულ პრეზენტაციას“, – წერს ზაზა ურუშაძე.