განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქე რ.უ. – ს განზრახ მკვლელობისა და მასთან ერთად ა.ს. – ს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს თბილისში, ონაშვილის ქუჩაზე ა. მ. – მ დანის გამოყენებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო არაერთი ჭრილობა მიაყენა რ.უ. – ს და ა. ს. – ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.ს. – ს გადარჩენა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ა.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად თავისუფლების 17 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები