კოჟორიძე: სტუდენტებისაგან მომისმენია უფრო კვალიფიციური და კომპეტენტური პასუხები, ვიდრე მოსამართლეობის კანდიდატებისაგან ვისმენთ
“ძალიან ხშირად, სტუდენტებისაგან მომისმენია ანალოგიურ კითხვებზე ბევრად უფრო კვალიფიციური და კომპეტენტური პასუხები, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისაგან ვისმენთ”, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჟორიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესი შეაფასა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, გადაფარა ჩვენს რეალობაში მიმდინარე ქაოტურმა, დაძაბულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა.
ის, რაც ხდება იუსტიციის საბჭოში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში და, შესაბამისად, როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს, სამწუხაროდ, იმის გაგრძელებაა, რაზეც მანამდე ვსაუბრობდით, რომ საბჭოს ამ შემადგენლობას არ შესწევს უნარი, უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომ უზენაეს სასამართლოში იყვნენ ღირსეული და კვალიფიციური ადამიანები, თავი გაართვას. საბჭოს წევრები მოქმედებენ პოლიტიკური, კლანური მოტივაციით, არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია, არ ესმით, რას ნიშნავს, იყო მოსამართლე“, – განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში კანდიდატების მიმართ ძალიან მარტივი კითხვები ისმება, რაზეც, უმეტეს შემთხვევაში, გამაოგნებელ პასუხებს ვისმენთ.
„ვხედავთ, რა ტიპის კითხვები ისმება, რა პასუხებს ვისმენთ. ორი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება კანდიდატი: ეს არის კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია. კვალიფიკაციასთან მიმართებით ვხედავთ, რომ ისმება რიგ შემთხვევაში ძალიან მარტივი კითხვები, რომლებსაც ასწავლიან იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე. პასუხებს – რიგ შემთხვევაში მოქმედი მოსამართლეებისაგან – ვისმენთ აბსოლუტურად გამაოგნებელს. მე არ ვამბობ, რომ ყველა პასუხი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ პროცესში, იყო შემაშფოთებელი. იყო გამონათებებიც, კარგი კანდიდატები. სიამოვნებით ვისურვებდი, უზენაეს სასამართლოში მეხილა ეს ადამიანები, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ვხედავთ ძალიან მძიმე და გამაოგნებელ პასუხებს .
სანამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გავხდებოდი, საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრში სტაჟიორთა შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ყოველ 6 თვეში ერთხელ მიწევდა, ხელმძღვანელობა გამეწია სტაჟიორთა შერჩევის პროცესისთვის. რომ შევადარო ეს ორი პროცესი, ძალიან ხშირად, სტუდენტებისაგან მომისმენია ანალოგიურ კითხვებზე ბევრად უფრო კვალიფიციური და კომპეტენტური პასუხები, ვიდრე ვისმენთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისაგან. ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი ამბავი.
საბჭოს იმედი არ მაქვს, რომ ღირსეულ კანდიდატებს შეარჩევს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს აქტიურობა, რომ, როცა კანდიდატების სია გადაიგზავნება პარლამენტში, პარლამენტმა მაინც რამდენიმე კანდიდატის გარდა, მხარი არ დაუჭიროს ასეთი ადამიანების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მუდმივად დანიშვნას“, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 -კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20- კაციანი სია გადაეგზავნება.
თამუნა შეყილაძე