მაშველებმა თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს (ვიდეო)

მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხეობაში ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოსა და მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველებმა შეძლეს ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამის უვნებლად ამოყვანა ხეობიდან, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. წყლიდან ექვსი გარდაცვლილის ამოყვანა პირველივე დღეებში მოხერხდა. შემდეგ ეტაპზე, სპეცტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოიტანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ღამის განმავლობაში მდინარე სტორის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა. პარალელურად, სამაშველო ჯგუფები აწარმოებდნენ კალაპოტის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერებას.
ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები