სასამართლო ზვიად კუპრავას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

„სამართალდამცველთა რეფორმების“ ცენტრის დამფუძნებლის, ზვიად კუპრავას საქმეზე საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
კუპრავას მიმართ წაყენებულ ბრალდებას თავისი ადვოკატი “აბსურდულს” უწოდებს.
„ამ სამართალწარმოების უკან დგას, რეალურად, სხვა მიზნები, მაგალითად, როგორიც არის ზვიად კუპრავას პოლიტიკური საქმიანობიდან განეიტრალება და ჩამოშორება. ეს საქმე არის ძალიან პრეცედენტული, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც გამოიხატება გამამტყუნებელ განაჩენში, ის სახიფათო პრეცედენტს შექმნის“, – აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.
გამოძიების ცნობით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები