„ყაზტრანსგაზმა” სახელი შეიცვალა – დღეიდან თბილისის მცხოვრებლებს კომპანია “თბილისი ენერჯი” მოემსახურება
კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ სახელი შეიცვალა და დღეიდან თბილისის მცხოვრებლებს კომპანია “თბილისი ენერჯი” მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
„კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეც.მართვის რეჟიმი 2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადაბარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო, რომელმაც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100% შეიძინა.
დღეიდან კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც, სახელის ცვლილების გარდა, გულისხმობს ბრენდი ლოგოს, ფერისა და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას. გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მაცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება.
“თბილისი ენერჯისთვის“ პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, არ განახლებულა.
კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექპლუატაციაზე, სექტემბრიდან ფართო მასშტაბიან კამპანიას გეგმავს, რომელიც სრულად მიმართული იქნება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.
ამჟამად, დაწყებულია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნესგეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც, ასევე, გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას. ყოველწლიურად, საშუალოდ, 30-მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება.
„თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნესჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.