სალომე ზურაბიშვილი : „ევრობასკეტის“ ჯგუფური ეტაპის მასპინძლობით ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით ლისის ტბაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და კალათბურთელებსა და კალათბურთის მოყვარულებს ეს უდიდესი გამარჯვება მიულოცა.
მისი თქმით, აღნიშნული ჩემპიონატის მასპინძლობით ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში
„ამით ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში. ასეთი დიდი ნაბიჯი და გამარჯვება მართლაც მოსალოცია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მე ვიყავი მიუნხენში და ძალიან ამაყი ვარ. ეს ქართველი კალათბურთელების, კალათბურთის ფედერაციისა და ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც წლების მანძილზე ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში.ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.ბატონო პრემიერო, მინისტრო და დედაქალაქის მერო, ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თამაშების ჩასატარებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დროულად დაიწყება და დამთავრდება.რაც ვნახე პროექტის სახით, შესანიშნავია, არა მხოლოდ ჩვენი სპორტსმენებისთვის, არამედ ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვისაც, რათა სპორტი ჩვენი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.მინდა, ევროპული დონის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნაც მოგილოცოთ.სპორტი საზოგადოების ჯანსაღი ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და მივულოცო ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვება. მისი და თქვენი მაგალითი კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ქართველ ახალგაზრდებს, რომ სპორტის გარეშე ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.