რატომ არ არიან თანახმა ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე -ჯარჯი აქიმიძის განმარტება
„ქიბარი ამ შემთხვევაში მართალია, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიყავით კმაყოფილები 40%-ით და ეს სახეზეც შეგვეტყო“, – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ახალ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა.
აქიმიძემ განმარტა, თუ რატომ არ არიან თანახმა ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე
„ჩვენ არ ვიყავით კმაყოფილები 40%-ით და ეს სახეზეც შეგვეტყო. ახლა მოგვეცით საშუალება თუნდაც ერთი დღით მაინც დავფიქრდეთ, რათა ჩამოვაყალიბოთ, რატომ არ ვართ თანახმა ამ ყველაფერზე. ჩვენ 40-ზე არ ვართ თანახმა და არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ თანახმა. შესაძლოა, ვთქვათ, რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ. რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, ეს ყველაფერი გამოჩნდება”, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
კითხვაზე – რა ოდენობის წილების შეთავაზება იქნება „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებისთვის მისაღები, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ ისინი 60%-ზე მეტს ვერ მოითხოვენ იქედან გამომდინარე, რომ წართმევამდე სწორედ ამ ოდენობის წილებს ფლობდნენ.
„60%-ს ვერანაირად ავცდებით იმიტომ, რომ ჩვენი იყო 60%. ამის მაღლა ჩვენ, უბრალოდ, ვერ წავალთ“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.