„ყინწვისი აუღებელი ციხესიმაგრეა“ – ვისი ნებართვით ცვლიან იატაკს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში?
ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იატაკის ხელახლა მოგებას მომწვანო ფერის მარმარილოსებრი ქვით მხატვარი დავით ხიდაშელი ფეისბუქჯგუფში „ხელოვნების ისტორიკოსები“ გამოეხმაურა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„კურიერის“ სიუჟეტიდან არ უნდა იგებდეს ძეგლთა დაცვის სააგენტო და საპატრიარქოს არქიტექტურის და ხელოვნების საბჭო ყინწვისში მიმდინარე იატაკის გამოცვლის ამბავს!
ყინწვისი აუღებელი ციხესიმაგრეა!
ეს იქ ხდება, სადაც ფოტოგადაღებას უშლიან იმ მოტივით, რომ თურმე მყისიერად ანთებული ბლიცი ფრესკებზე მძინარე! ბაქტერიებს აღვიძებს!“ – წერს დავით ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე.
მანამდე ირაკლი თეზელაშვილმა ფეიბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკვე რამდენიმე დღეა ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში იატაკის ხელახლა მოგება ხდება „უნებართვოდ და შეუსაბამო მასალით (მომწვანო ფერის მარმარილოსებრი ქვა). რუის-ურბნისის ეპარქიაში წლების განმავლობაში მიმდინარე მსგავსი უნებართვო სამუშაოების შესახებ ყველამ იცის (ურბნისის ბაზილიკის გალესვა და იატაკის ამაღლება; დირბში კორპუსის ჩადგმა; რუისის წმ. დემეტრეს ეკლესიის მხატვრობის გადალესვა და სხვ). საჭიროა მოქმედება“.
ყინწვისში მომხდარ ამ ფაქტს „რუსთავი 2“-ც გამოეხმაურა. ტელეკომპანიის ცნობით, ყინწვისის მონასტერში სამუშაოები თვითნებურად მიმდინარეობს. „ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ არც საპატრიარქოში და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში. როგორც ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, წინა კვირას სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზეც იყო ჩასული, თუმცა ტაძარში არ შეუშვეს“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.