ხატია მოისწრაფიშვილი დავით გარეჯის საკითხზე: საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება
“კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგებამდე, რომელ შედეგამდეც გვინდა მისვლა – ეს არის დადგენილი საზღვრები”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სჭირდება დადგენილი საზღვრები განვითარებისა და იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული.
„ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. შესაბამისად, მუშაობა განაახლა კომისიამ, რომელმაც საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს სჭირდება დადგენილი საზღვრები განვითარებისა და იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს არავის ილუზია, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგებამდე, რომელ შედეგამდეც გვინდა მისვლა – ეს არის დადგენილი საზღვრები”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.