ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე: ძალიან სერიოზული ემოციური ფონი იყო, ბეჟანი ამგვარად არასდროს მოქცეულა
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბიოლოგის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრისა და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე, ეკა ჯაიანი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკანონოდ შეუფარდეს. ეკა ჯაიანმა ლორთქიფანიძის საქმესთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„წინასწარი პატიმრობა აბსოლუტურად უკანონოა. მოსამართლემ უსაფუძვლოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას. ადვოკატმა კარგად განმარტა, რა საფუძველი შეიძლებოდა, ჰქონოდა ბეჟოს ასეთ რეაქციასა და ქმედებას. მეც ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ემოციური ფონი, ამ ადამიანს მსგავსი ქმედება არასდროს განუხორციელებია“, – განაცხადა ეკა ჯაიანმა.
როგორც ეკა ჯაიანი და ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებენ, კადრები, რომლებზე დაყრდნობითაც ბეჟან ლორთქიფანიძე დააკავეს, ფრაგმენტულია და საერთო სურათს არ ასახავს. დაცვის მხარე აპირებს, ტელეკამერების მიერ გადაღებული ის კადრები მოიპოვოს, რომლებშიც ჩანს, რა უძღოდა წინ ბეჟან ლორთქიფანიძის მიერ პოლიციელისთვის ფარის ფარზე მირტყმას.
„ბეჟან ლორთქიფანიძეს თავად მოხვდა რეზინის ტყვია და დაზიანება მიიღო. იქ გაუშვეს გაზი, რითაც ის მოიწამლა. მის გვერდით მშვიდობიან მოქალაქეებს ამ პოლიციის კორდონიდან იტაცებდნენ, ამან გამოიწვია ის რეაქცია, რომელიც ლორთქიფანიძეს ჰქონდა. თუ კარგად ნახავთ კადრებს, იქ ამ საქციელით ვინმესთვის რაიმე ზიანის მიყენება ან კორდონის გარღვევა შეუძლებელია.
არ შეიძლება, ბეჟან ლორთქიფანიძის ეს რეაქცია, რაც კადრებში ჩანს, კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილოთ. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ კადრებს, რა უძღოდა წინ ამას, ფარის ფარზე მირტყმას.
ვაპირებთ, მივმართოთ ყველა ტელევიზიას და ვთხოვოთ ის კადრები, სადაც შესაძლოა, ჩანს ბეჟან ლორთქიფანიძე და სადაც შესაძლოა, ჩანს იმ სიტუაციის დაწყება იქამდე, სადამდეც მივედით – ანუ ვაპირებთ, მივმართოთ ყველა ტელევიზიას და ამისთვის მადლობას გადავუხდით, თუ ჩვენთან ითანამშრომლებენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე 25 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბეჟან ლორთქიფანიძე საქართველოს ბუნების მკვლევარია. მის სახელს უკავშირდება: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა, საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა. ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოთი, სახელად ბეგი დააძინა.
თამუნა შეყილაძე