„რეზინის ტყვიების “წვიმა” იყო, ბეჟან ლორთქიფანიძემ არაერთი ადამიანი დაიფარა ფარით“ – ადვოკატი ტელევიზიებისგან 20-21 ივნისის კადრებს ითხოვს

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბიოლოგის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრისა და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი, გიორგი გელხაური ლორთქიფანიძის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა.
როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გელხაურმა განაცხადა, აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის – პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
„არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე – პატიმრობა, ვინაიდან არ არსებობს ამის საფუძველი. არ არსებობს მოტივი იმისა, რაც ბეჟან ლორთქიფანიძეზე გვაფიქრებინებს, რომ ის მიიმალება ან საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გაანადგურებს. როგორ მიგაჩნიათ, შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებს გაანადგურებს ბეჟან ლორთქიფანიძე? კადრები საჯარო სივრცეშია გავრცელებული, ყველასთვის ხელმისაწვდომია, სისხლის სამართლის საქმეშია მოთავსებული. როგორ ფიქრობთ, ამ კადრების განადგურების საშუალება რამდენად აქვს ბეჟან ლორთქიფანიძეს? ან ბრალდების მეორე არგუმენტი, რომ ის ჩაიდენს ახალ დანაშაულს – თუ ადამიანი, რომელიც 44 წლისაა და ამ ხსნის მანძილზე უმწიკვლო წარსულით სარგებლობს, არანაირი კანონდარღვევა ჰქონია, რატომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ახლა ჩაიდენს დანაშაულს? 20-21 ივნისის შემდეგ თვეზე მეტია გასული, შემდგომ არ მისულა ბეჟან ლორთქიფანიძე აქციებზე, აგრესიულობითა და ძალადობით არ გამოუჩენია თავი. ასევე, იყო არგუმენტი – მოწმეებზე არ მოახდინოს ზეწოლაო, ამიტომ მოხდა მისი დაპატიმრება. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ლორთქიფანიძე იქ რაღაცას აკეთებდა, გარდა იმ კადრებისა, რომლებიც ყველამ კარგად იცის. მოწმეც არ არსებობს, რომელზეც შეიძლება, ლორთქიფანიძემ ზეწოლა მოახდინოს. მაშინ სად გვაქვს პატიმრობის შეფარდების საფუძველი? ეს გავასაჩივრეთ ჩვენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბეჟან ლორთქიფანიძე „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას” – ადვოკატი აცხადებს, რომ ეს შეფასებითი მსჯელობაა.
დაცვის მხარე აპირებს, მოიპოვოს ტელეკამერების მიერ გადაღებული ის კადრები, რომლებშიც ჩანს, რა უძღოდა წინ ბეჟან ლორთქიფანიძის მიერ პოლიციელისთვის ფარის ფარზე მირტყმას.
„ეს არის ნამდვილად შეფასებითი. ყველას კარგად გვაქვს ეს კადრები ნანახი, ბეჟან ლორთქიფანიძის ქმედებებით, თუ იქ კორდონის გარღვევა მოხდებოდა. ამას ირონიულად შეგვიძლია, შევხედოთ. აქ ხდებოდა ფარის ფარზე მირტყმა. ბეჟან ლორთქიფანიძეს თავად მოხვდა რეზინის ტყვია, მან დაზიანება მიიღო, იქ გაუშვეს გაზი, რითაც ის მოიწამლა. მის გვერდით მშვიდობიან მოქალაქეებს ამ პოლიციის კორდონიდან იტაცებდნენ. ამან გამოიწვია ის რეაქცია, რომელიც ლორთქიფანიძეს ჰქონდა. თუ კარგად ნახავთ კადრებს, იქ ამ საქციელით ვინმესთვის რაიმე ზიანის მიყენება ან კორდონის გარღვევა შეუძლებელია.
არ შეიძლება, ბეჟან ლორთქიფანიძის ეს რეაქცია, რაც კადრებში ჩანს, კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილოთ. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ კადრებს, რა უძღოდა წინ ამას, ფარის ფარზე მირტყმას . რატომ გახდა საჭირო, რომ ბეჟან ლორთქიფანიძეს ხელში ფარის სჭეროდა? იმიტომ, რომ იქ იყო რეზინის ტყვიების “წვიმა”, არაერთი ადამიანი დაიფარა მან ამ ფარით, თავის თავიც გადაირჩინა, რომ უფრო მეტი დაზიანება არ მიეღო.
ვაპირებთ, მივმართოთ ყველა ტელევიზიას და ვთხოვოთ ის კადრები, სადაც შესაძლოა, ჩანს ბეჟან ლორთქიფანიძე და სადაც შესაძლოა, ჩანს იმ სიტუაციის დაწყება იქამდე, სადამდეც მივედით – ანუ ვაპირებთ მივმართოთ ყველა ტელევიზიას და ამისთვის მადლობას გადავუხდით, თუ ჩვენთან ითანამშრომლებენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე – საიდან ჰქონდა ფარი ბეჟან ლორთქიფანიძეს, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ლორთქიფანიძეს ფარი არავისთვის წაურთმევია.
„კადრები, რომ რომელიმე პოლიციელს ართმევს ფარს, არ არსებობს. ისიც აცხადებს, რომ ფარი არავისთვის წაურთმევია. როგორც მოგეხსენებათ, იმ შეხლა-შემოხლაში არაერთი ფარი ძირს ეყარა. მან აიღო ეს ფარი და გამოიყენა“, – განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი გელხაური სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვას არ გამორიცხავს.
„ნაკლებად გვაქვს იმის ილუზია და განცდა, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, თუმცა ამას მაინც ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს ინსტანციები უნდა გავიაროთ. დარწუნებული ვარ, საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს ამ შემთხვევაზე და დაადგენს იმ დარღვევებს, რაც ჩადენილია“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე 25 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს . საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბეჟან ლორთქიფანიძე საქართველოს ბუნების მკვლევარია. მის სახელს უკავშირდება: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა; საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა. ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოთი, სახელად ბეგი დააძინა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები