ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფი კომპლექსზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.
„ვითარების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, რაც მომდევნო წლიდან ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტის წარმართვას ითვალისწინებს, პრევენციულ გადაწყვეტილებებს სააგენტო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთობლივად შეიმუშავებს.
არსებული გარემოებიდან გამომდინარე, დროებითი ღონისძიებებით ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღიკვეთება ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები, რაც, უპირველესად, უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფითა და ძეგლთა დაცვითი პრინციპებით იქნება ნაკარნახევი.
პრევენციული გადაწყვეტილებების შედეგად გამოირიცხება ვიზიტორთა ჯგუფების მიერ არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული სტრუქტურული სეგმენტების მექანიკური დაზიანებების ალბათობა და გამოუსწორებელი ხარვეზების შექმნის რისკი“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები