პირს, რომელიც ბახტრიონის ქუჩაზე მოქალაქეს თავს დაესხა და ოქროს ყელსაბამის მისაკუთრება სცადა, 12 წელი მიესაჯა

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული კ.რ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს კ.რ. თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ოქროს ყელსაბამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დანით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა თ.ყ.-ს.
სამართალდამცველებმა კ.რ. 2018 წლის 27 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც 2-ჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის), 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.რ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 12 წლით აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები