„ალი: შიში ჭამს სულს“ – გერმანულენოვანი თავისუფალი ჩვენება გაიმართება

1 აგვისტოს, 20:30 საათზე, „მზიურის“ თავისუფალი ჩვენებების სივრცეში გერმანულენოვანი სეანსი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სეანსების სერია რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმით – „Ali: Angst essen Seele auf“ („ალი: შიში ჭამს სულს“) დაიწყება.
1974 წლის ნამუშევარი სასიყვარულო ურთიერთობის ამბავია, რომელიც საზოგადოებისთვის არათუ მიუღებელი – წარმოუდგენელიც კი შეიძლება იყოს.
აკრძალულ სიყვარულის კლასიკურ მოდელს ამოუხსნელობის და უჩვეულობის ფაქტორი ემატება. ფილმში ასახული კავშირი შეიძლება, თანამედროვე მაყურებლისთვისაც უჩვეულო აღმოჩნდეს.
ფილმი ფასბინდერის საყვარელი რეჟისორის, გერმანული წარმოშობის დუგლას სირკის 1955 წლის ჰოლივუდში გადაღებული ნამუშევრის, „All That Heaven Allows“ („რასაც ზეცა დაუშვებს“) ერთგვარი რიმეიქია.
მათთვის ვინც გერმანული არ იცის – ინგლისურ ენაზე სუბტიტრი იქნება.

რეჟისორი: რაინერ ვერნერ ფასბინდერი;
წელი: 1974;
ქვეყანა: დასავლეთ გერმანია;
ხანგრძლივობა: 1 საათი და 33 წუთი;
ენა: გერმანული (ინგლისური სუბტიტრებით);
დასაშვები აუდიტორია: +18.

ჩვენების ორგანიზატორი: გურამ გეგუჩაძე;

„უცხო ენის შესწავლისას, ფილმების ორიგინალ ენაზე ყურება ძალიან საინტერესო და ეფქტური დამხმარე საშუალებაა.
ამ დროს, ყური უცხო გამოთქმას ეჩვევა და ახალ სიტყვებს ისმენ – უკეთ ეცნობი ქვეყნის კულტურას, ცხოვრების სტილს და იმ ყოველდღიურ ენას, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ. შეიძლება გაიგო სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც სახელმძღვანელოებში არ გხვდება.  ასევე, მიხვდე, როგორ ეცვლებათ მნიშვნელობა სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა ფრაზებსა თუ ტერმინებს…
გერმანულენოვანი ფილმების თავისუფალი ჩვენებების დაგეგმვა ამ ენით დაინტერესებული ადამიანების მხარდასაჭერად, ცოდნის გაუმჯობესების შესაძლებლობის მისაცემად გადავწყვიტეთ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

“გერმანულენოვანი თავისუფალი ჩვენებები” იმართება პროექტ „ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი ჩვენებების ქსელის“, საინიციატივო ჯგუფის „გერმანული კულტურის საღამოები“ და “ახალი მზიურის” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები