მაშველებმა თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან ამოიტანეს (ვიდეო)

მაშველებმა თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან ამოიტანეს და მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე დაათვალიერეს, თუმცა მეშვიდე ადამიანის ცხედარი ვერ იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
„ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სპეცტექნიკის დახმარებით, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია. შედეგად მყვინთავებს მიეცათ საშუალება, შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე. დათვალიერების შედეგად, ამ ეტაპზე, მეშვიდე ადამიანის ცხედარი ვერ იქნა ნაპოვნი.
პარალელურად, სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის, მაშველებმა 6 ადამიანის ცხედარის პოვნა და ხევიდან ამოყვანა შეძლეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები