მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც ზვიად კორძაძემ განაცხადა, განჩინება სრულად გასაჩივრდა. მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება დასაბუთებას მოკლებულია.

„სამწუხაროდ, სასამართლომ განჩინება ჩაგვაბარა მხოლოდ დღეს, დილის 11:00 საათზე და გასაჩივრებისთვის გამოყოფილი 48 საათიდან მხოლოდ რვა საათი დაგვრჩა, მით უმეტეს, 18:00 საათზე კანცელარია იკეტება სასამართლოში.

თვითონ განჩინებაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, საერთოდ არ არის დასაბუთებული მსჯელობა. დაცვის მხარის პოზიციებს განჩინებაში აქვს მხოლოდ ერთი აბზაცი მიძღვნილი და იმაზეც არ არის პასუხი გაცემული.

ყველაფერი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. სამწუხაროდ, არგუმენტაცია არ არსებობს განჩინებაში, თუ რატომ უნდა შეფარდებულიყო. ზოგადი ფრაზები წერია, რომ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები. რაც შეეხება ქვეყნიდან გასვლას, ამაზე საერთოდ არ აქვს მსჯელობა“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს 700 000 ლარის გირაო შეუფარდა, ამასთან, მათ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, ამისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები