ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობით დაზარალებული მესაკუთრის საქმეზე პირველ სხდომას გამართავს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ და კომპანია „DOHWA Cansulting Engineers Co. Ltd”-ის მიმართ სარჩელის განხილვას იწყებს. სასამართლო მოქალაქე მაყვალა ჯაფარიძის სარჩელს განიხილავს, რომელიც ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში დაზარალდა – უნებართვოდ იქნა გამოყენებული მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში და დღემდე არც სახელმწიფოს და არც კომპანიას მატერიალური ზიანი არ აუნაზღაურებია. ზიანის ანაზღაურებაზე უარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც განაცხადა.

როგორც „კვირას“ „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს, საქმის მასალების მიხედვით, „Sinohydro“-ს საქმიანობის შედეგად, ბევრი დაზარალებული ადამიანია,რომელთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით კომპანიამ საპროექტო მიზნებისთვის ისარგებლა და არც შესაბამისი კომპენსაცია გასცა. ამასთან, ამ ფაქტებზე სათანადო რეაგირებას არც „Sinohydro“-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველი სახელმწიფო უწყება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ორგანიზაციამ სასამართლო წესით დავა ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში დაზარალებული ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქის, მაყვალა ჯაფარიძის დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით დაიწყო . „Sinohydro“-მ მესაკუთრის ინფორმირებისა და ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, ისარგებლა მოქალაქის მიწის ნაკვეთით, ამოიღო ინერტული მასალა და მიწის ნაკვეთი პირვანდელი დანიშნულებისთვის უკვე გამოუსადეგარი გახდა.

მაყვალა ჯაფარიძე, ორგანიზაციის მეშვეობით, 2016-2017 წლებში, არაერთი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, როგორც კომპანიასთან, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ამაოდ ცდილობდა კანონიერ უფლებებში აღდგენას. მოქალაქე ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა, ვინაიდან დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა სადავო საკითხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის გასაჩივრება და სამართლიანი კომპენსაციის მიღებაც მაყვალა ჯაფარიძემ უკვე სასამართლო წესით გადაწყვიტა.

დაზარალებული მოქალაქის საკითხის შესწავლის პროცესში დგინდება, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს მომზადებული აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – ფართობი 6 000 კვ.მ. წარმოადგენს მაყვალა ჯაფარიძის საკუთრებას. როგორც კომპანია, ასევე დეპარტამენტი, საქმის მასალების მიხედვით, მიუთითებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს, მაყვალა ჯაფარიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენება ნამდვილად მოხდა, თუმცა დღემდე მოქალაქე სამართლებრივი უფლების დაცვის გარეშეა.

ორგანიზაციამ ადგილზე მოამზადა დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე ფოტო-მასალა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გავერანებულია. აღნიშნულზე დუმს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიც.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში “სინოჰიდროს“ საქმიანობაზე კვლევა 2018 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. დგინდება, რომ კომპანიის მიერ საქართველოს გარემოზე მიყენებულმა მნიშვნელოვანმა ზიანმა კოლოსალური თანხა – 233,241.06 ლარი შეადგინა.

ორგანიზაციამ შეისწავლა კომპანიის მიმართ დაკისრებული სახდელის ფინანსური მოცულობაც, რამაც, 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, 46 სამართალდარღვევის ფაქტზე, შეადგინა 62,686,98 ლარი.

რაც შეეხება სასამართლო დავას, სარჩელი წარდგენილ იქნა 2018 წლის 1 თებერვალს. სასამართლო საქმეზე პირველ სხდომას ხვალ, 29 ივლისს, 12:00 საათზე გამართავს. საქმეს მოსამართლე კობა გოცირიძე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები