პრემიერი იაპონიის ვაჭრობის ასოციაციის წევრებს შეხვდა
იაპონიის ვაჭრობის ასოციაცია „როტობო“ საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა. ორგანიზაცია, რომელიც 200-მდე კომპანიას აერთიანებს, საქართველოში ენერგეტიკისა და წარმოების სფეროებს ეცნობა. იაპონური ბიზნესკომპანიების დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური სტუმრებს ქვეყანაში არსებულ თავისუფალ ბიზნესგარემოსა და საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობაზე ესაუბრა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მიესალმება, რაც ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დელეგაციას „როტობოს“ პრეზიდენტი ტაკაში ნისიოკა ხელმძღვანელობს, ასევე არიან კორპორაცია Sojitz- ის მმართველი დირექტორი ტოშიჰიკო კიტა, კორპორაცია Itochu-ს გენერალური მენეჯერი კენგო კიმურა, კომპანია Kawasaki -ის მენეჯერის თანაშემწე მოტოკო დაიმონი, ეკონომიკის, ვაჭრობისა და მეწარმეობის მინისტრი ერინა ენომოტო, Toyota Motor Corporation-ის პროექტის გენერალური მენეჯერი ტომოაკი ნიშიტანი, კორპორაცია Maruben-ის კორპორატიული მრჩეველი ვათარუ იოშიდა, Mitsubishi Motors Corporation -ის გენერალური მენეჯერი ტოსინაგა კატო, Mitsubishi მძიმე მრეწველობის მრჩეველი ჰიროაკი ოჰუჩი, Mitsubishi მძიმე მრეწველობის , გარემოსა და ქიმიური ინჟინერიის კორპორაციის რუსეთისა და CIS -ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ტოშიკაზუ არაი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.