ელიზაბედ რუთი: აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინოს

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუთის განცხადებით, „ქართველი ხალხის აღშფოთება გასაკვირი არ იყო, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაინახეს“.
ამის შესახებ ელიზაბეთ რუთმა „პალიტრა ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აღშფოთება განსაკუთრებით გასაგებია მაშინ, „როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ამ პიროვნებას ამაზე აქვს თანხმობა მიცემული“.
„თანხმობა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, რაც საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ განწყობა იყო ანტირუსული. ეს იყო ხალხის მიერ გამოხატული რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე“, – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენების შედეგად რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ავიარეისების გაუქმების შესახებ – ელისაბეთ რუთი ამბობს, რომ „ზომები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე. ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა ურთიერთობების დასტაბილურების შესახებ მზაობა გამოთქვეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის ხალხს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორისი კავშირები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები შედის როგორც ქართველი, ისე – რუსი ხალხის ინტერესებში“, – განმარტა რუთმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები