ანრი ოხანაშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე: თითქოს ეს პროცესთან არის დაკავშირებული, სრულიად აბსურდია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს მის ბრალეულობაზე ლაპარაკი ნაადრევია. ამასთანავე, მისივე შეფასებით, თითქოს ეს პოლიტიკურ პროცესთანაა დაკავშირებული, აბსურდია.
„კონკრეტულად ბატონ ოქრუაშვილთან დაკავშირებით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ვინმეს ბრალეულობაზე. არსებობს სამართლებრივ სახელმწიფოში პრინციპი, რომ ყველა ადამიანი იქნება უდანაშაულო, ვიდრე მის მიმართ სასამართლო არ გამოიტანს კანონით დადგენილ განაჩენს.
პასუხი, რომ ეს რაიმე პოლიტიკურ პროცესთან არის დაკავშირებული, არის სრულიად აბსურდი და იმაზე, რატომ არის აბსურდი, პასუხობს კადრები, რაც ყველამ ვნახეთ, თუ როგორ მონაწილეობს ეს ადამიანი და რა ქმედებებს ახორციელებს რუსთაველის გამზირზე პოლიციელებთან მიმართებით.
ჩემი ვალდებულებაა, დავიცვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. სხვა დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამ პროცესზე ხორციელდება სასამართლოს კონტროლი. ნებისმიერი შუამდგომლობა, რომელსაც განახორციელებს პროკურატურა სასამართლოში, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს და სასამართლო, ყველა კონკრეტულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, შესაბამის გარემოებებზე დაფუძნებით მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ოთხი პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები